ამ წუთებში ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი მიქელაძის ოჯახის წევრები და ახლობლები სასტუმროსთან აქციას მართავენ. მათ აინტერესებთ, თუ რა სახის ინფორმაცია მიაწოდა სასტუმროს ადმინისტრაციამ გამოძიებას, რასაც მიქელაძის დაკავება მოჰყვა.
დაკავებულის მეუღლის, თეონა ფუტკარაძის განცხადებით, მიქელაძე უდანაშაულოა და ის 24 ნოემბერს, როცა სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, თურქეთში სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.