საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბენეფიციარი კოოპერატივი „გეა“ იტალიასა და ჰოლანდიაში ექსპორტის მიზნით პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს. როგორც კოოპერატივის წარმომადგენლები განმარტავენ, მათ ევროპის ბაზარზე შესვლა ცენტრთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვიტეს. ამ ეტაპზე, DCFTA საინფორმაციო ცენტრი “გეას“ აქტიურ კონსულტაციას უწევს ევროკავშირის სტანდარტების დანერგვისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ.
კოოპერატივი „გეა“ ჟოლოს წარმოებით არის დაკავებული. მისი მეურნეობები გორის რაიონის სოფლებში, უფლისციხესა და ხელთუბანშია განთავსებული. “გეა“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივად 2015 წელს, ENPARD-ის მხარდაჭერით დარეგისტრირდა და პროგრამის დაფინანსების მეშვეობით მეურნეობის გაფართოვება და წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟება შეძლო. მომდევნო ეტაპზე კოოპერატივის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო პროგრამაში „მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება“, რომლის დახმარებითაც შოკური გაყინვის მაცივარი შეიძინეს და დაამონტაჟეს. დღესდღეობით კოოპერატივი სანერგე მეურნეობის მიმართულებითაც მუშაობს, ხარისხიანი პროდუქტის გამო სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვალიფიციურ სანერგე მეურნეობათა სიაშია და „დანერგე მომავლის“ პროექტში მონაწილეობს.
კოოპერატივის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ტატიშვილმა ოჯახური ბიზნესი 15 წლის წინ პოლონეთიდან და უკრაინიდან ჟოლოს ახალი ჯიშების იმპორტითა და მათი გამოცდით დაიწყო, თუმცა საბოლოოდ არჩევანი „პატრიცია“-სა და „ევრაზიას“-ს სახეობებზე შეჩერდა, რადგან ეს ჯიშები მსხვილნაყოფიანია და არ საჭიროებს საყრდენ ბოძებსა და მავთულებს. დღეისათვის, ევროკავშირში ექსპორტის პარალელურად კოოპერატივი შიდა ქართლის მაღალმთიან რეგიონში კენკრის ბიომეურნეობის გაშენებასა და ბიოსერთიფიკატის მიღებას გეგმავს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრი მუდმივად მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს ბიზნესთან, იკვლევს პრობლემატიკას და ორგანიზებას უკეთებს შესაბამის ტრენინგებს ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებადი კომპანიებისთვის იმ სტანდარტების შესახებ, რომლებიც მათ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ეტაპობრივად უნდა დააკმაყოფილონ. DCFTA საინფორმაციო ცენტრის ოფისები საქართველოს 4 ქალაქში სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში დაარსდა. ამ პროექტს საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.