პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 1100-ს მიაღწია. 30,000 ადამიანი კი სხვადსხვა ამაღლებულ ადგილებზე ავიდა და ასე შეეცადა მოვარდნილი წყლებისგან თავის დაღწევას. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა უფროსი ოფიცრის, ნიკი ბენეტის განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კატარღასა და ვერტმფრენს გაგზავნის. რათა ამ ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდეს. მისი თქმით, ჩანგრეულმა ხიდებმა და გზებმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა.
უახლოეს დღეებში, პაკისტანში შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს, რადგან მეტეოროლოგები ორშაბათიდან კვლავ მუსონურ წვიმებს პროგნოზირებენ.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში წყალდიდობები მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია. სამდღიანი, გადაუღებელი წვიმის შედეგად, ყველაზე მეტად პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონები დაზარალდნენ. მოვარდნილმა წყლებმა სხვადსხვა სამთავრობო შენობები, სახლები, სკოლები და ათსობით ჰექტარი ნათესებიც გაანადგურეს.