რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ოლქში ხანძარი მძვინვარებს. ვორონეჟის, მოსკოვის, ნიჟეგოროდის ოლქებში, ასევე მორდოვიაში ხანძარი შესაძლოა 200 დასახლებულ პუნქტზე მეტს მოედოს. ეს განცხადება რუსეთის კრიზისული სიტუაციების მართვის ნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ვლადიმერ სტეპანოვმა დღეს რუსეთს პრემიერთან ვლადიმერ პუტინთან გამართული თათბირის დროს გააკეთა.
"29 ივლისიდან ნიჟეგოროდის ოლქში დამწვარია 575 სახლი და ევაკუირებულია ათას ხუთასზე მეტი ადამიანი. სულ პრივოლჟიეს ფედერალურ ოლქში დამწვარია 625 სახლი. ვორონეჟში კი დამწვარია 200-ზე მეტი სახლი და ევაკუირებულია ათასზე მეტი ადამიანი", _ აცხადებს სტეპანოვი.
მისივე თქმით, პრივოლჟიესა და ცენტრალურ ოლქებში დარეგისტრირებულია 22 ათასი ხანძრის კერა და მათი რაოდენობა იზრდება მშრალი და ქარიანი ამინდის გამო.
მისივე ინფორმაციით, ურალის, პრივოლჟიეს და ცენტრალური ოლქების ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა ამ რაიონებში მდებარე 77 დასახლებული პუნქტი დააზარალა. სულ დამწვარია 1027 სახლი და ევაკუირებულია 2,8 ათასი ადამიანი.
სტეპანოვმა ასევე განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში ჩართულია დაახლოებით 240 ათასი ადამიანი და 25 ათასი ერთეული ტექნიკა, ასევე თავდაცვის სამინისტროს ძალები და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მთელი ავიაცია.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველო კი აცხადებს, რომ ბოლო ინფორმაციით, ხანძრების შედეგად უკვე გარდაცვლილია 31 ადამიანი. ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, ხანძრის ფართობი, ქარიანი ამინდის გამო განუხრელად იზრდება.