დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შეთანხმების პარაფირება მოხდა.
შეთანხმების პარაფირება საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, ხოლო ევროპული მხრიდან, ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატის, სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლა ვერლემ მოახდინა.
როგორც პრესკონფერენციაზე ნიკოლა ვერლემ აღნიშნა შეთანხმების ხელმოწერა სავარაუდოდ შემოდგომაზე მოხდება, ხოლო ძალაში 2011 წლის დასაწყისიდან პარტნიორ ქვეყნებში შიდასამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ შევა.
"საქართველო-ევროკავშირს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველო - ევროკავშირის დაახლოებას, ევროპულ და საქართველოს ბაზრებზე გეოგრაფიული აღნიშვნების უკეთ დაცვასა და ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქციით ვაჭრობის წახალისებასა და ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა ნიკოლა ვერლემ.
დავით ჯალაღანის განმარტებით, აღნიშნულ შეთანხმებაზე მოლაპარაკების სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"შეთანხმება არეგულირებს იმ გეოგრაფიული აღნიშვნების აღიარებასა და დაცვას, რომლებიც წარმოშობილია ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებიდან. გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ მწარმოებლების მიერ, რომლებიც ახორციელებენ სოფლის მეურნეობისა და სხვა სახის საკვები პროდუქციის (მათ შორის სხვადასხვა სახეობის ღვინო, ან სპირტიანი სასმელები) ექსპორტს ევროპასა და საქართველოში. შეთანხმებაში მონაწილე მხარეები უარს იტყვიან სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე ან გააუქმებენ იმ სასაქონლო ნიშნებს, რომლებსაც შეთანხმებაში მინიჭებული აქვს გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი", - განაცხადა საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე შეფასებით, საქართველო არის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პირველი ქვეყანა, რომელმაც დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობის ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესებისა და პოპულარიზაციის კუთხით.
გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება გარკვეულ წილად წარმოადგენს პროდუქციის ხარისხის გარანტიას და ადასტურებს მის წარმოშობას კონკრეტული რეგიონიდან.
აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებას გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო მასშტაბით უკეთ დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. შეთანხმება ევროპელი და ქართველი მომხმარებლების უფლების დაცვასაც ემსახურება.
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ გეოგრაფიული აღნიშვნები, დაცული იქნება ნებისმიერი არასწორი გამოყენებისაგან, მათ შორის აიკრძალება გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციით სარგებლობა, იმიტაცია, ან მიბაძვა, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი პროდუქციის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით.
გეოგრაფიული აღნიშვნების უკეთ დაცვა, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ღვინის წარმოების დივერსიფიკაციას. ნუსხაში შესულია 18 დასახელების ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა (მანავი, ქინძმარაული, ახაშენი, ატენური, გურჯაანი, წინანდალი, ხვანჭკარა და სხვა).
შეთანხმებაში გარდა ქართული ღვინისა 3 ათასი ქართული ტრადიციული პროფუქციაა შესული. დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ, ასევ შესაძლებელი გახდება ნუსხაში სხვა პროდუქციის შეტანაც.
ნიშანდობლივია, რომ "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" გაფორმებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული შეთანხმების პარაფირება, რომელიც დაეხმარება საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ადგილობრივი კანონმდებლობა. გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა გახლავთ საფუძველი ევროკავშირის ხარისხის პოლიტიკისა.