23 თებერვალი იუნკერთა ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, 17 საათზე, საქართველოს პარლამენტის ფასადზე (ჩიტაძის ქუჩის მხრიდან), თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნება.
მემორიალის გახსნის თხოვნით, მთაწმინდის მაჟორიტარ-დეპუტატს, სალომე ზურაბიშვილს, 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში დაღუპული, მარო მაყაშვილის შთამომავალმა მიმართა. დაღუპული გმირების მემორიალი მხოლოდ პარლამენტის ეზოშია განთავსებული, რომელზეც არ არის აღნიშნული სახელები და ასევე მემორიალის ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ მოქალაქეებს.
სალომე ზურაბიშვილის ბიურომ, დედაქალაქის მერიის თანადგომით, ერთი წლის განმავლობაში ჩაატარა სხვადასხვა ტექნიკური თუ ბიუროკრატიული სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს ჩართულობით დააზუსტა დაღუპულთა სია და შედეგად მომზადდა მემორიალური დაფა, რომელზეც აღნიშნულია დაღუპული გმირების სახელები მათ უკვდავსაყოფად.
დეპუტატის ბიურო პარლამენტის შენობის ადგილას მდგარ სამხედრო ტაძრის გალავანში დაკრძალულ საბჭოთა რუსეთთან ომში დაღუპული გმირების სახელებსა და გვარებს ავრცელებს:
ალექსანდრე ახვლედიანი (იუნკერი), მიხეილ ლოლუა (იუნკერი), არჯევან ანანიაშვილი (მაიორი), ირაკლი თოიძე (კაპიტანი), პლატონ დოლიძე (იუნკერი), ოთარ ლორთქიფანიძე (იუნკერი), ნიკოლოზ ზანდუკელი (კაპიტანი), გენო ქარუმიძე (ლეიტენანტი), მიხეილ თუმანიშვილი (კაპიტანი), იოსებ ჯანდიერი (იუნკერი), პავლე იაკობაშვილი (იუნკერი), ივანე იოსავა, ნიკოლოზ კალანდარიშვილი(მოხალისე), ლევან კანდელაკი (იუნკერი), მარო მაყაშვილი (მოწყალების და) აგრეთვე ოფიცრები, ჯარისკაცები, გვარდიელები და მოხალისეები.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო დაღუპული გმირების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმართავს თხოვნით, დაუკავშირდნენ შემდეგ ტელეფონებზე: 577 72 79 72; 591 40 57 33; 2 14 02 65.