„დაზარალებული დავით როსტომაშვილი დაიკითხა. მისი ჩვენება საქმეში არსებულ მასალებს, ვიდეომასალებსა და მოწმეთა ჩვენებებს ეწინააღმდეგება, გამოდის, რომ მან ცრუ ჩვენება მისცა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ დავით როსტომაშვილის თავდასხმის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ ქუთელიას ადვოკატმა, მარინა ჩიმაკაძემ.
ადვოკატის განმარტებით, როცა როსტომაშვილზე თავდასხმა მოხდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.
„როსტომაშვილმა განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ და სცემეს. ვინც ცემა მას იარაღი ჰქონდა, თუმცა, იარაღი არ გამოუყენებია და მხოლოდ ჯოხით სცემეს. მან ქუთელიაზე თქვა, "ცეპი" 3-ჯერ მომქაჩა, ბოლოს გაწყდა "ცეპი" და წაიღოო. თუმცა, იქვე დაადასტურა, რომ მოთხოვნას, იძულებას, დანის, იარაღის მიდებას, მუქარას ადგილი არ ჰქონიაო.
ქუთელია ბრალს არ აღიარებს, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია და მას დავით როსტომაშვილმა ხელი ტყუილად დაადო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, არც "ცეპის" გაგლეჯვას არ ადასტურებს. ამას არც მოწმეები ადასტურებენ და არც ვიდეომასალა. იმას, რომ ქუთელიამ მას "ცეპი" გაგლიჯა, მხოლოდ როსტომაშვილი ამბობს. ქუთელიას თქმით კი, როცა როსტომაშვილზე თავდასხმა მოხდა, ის მანქანით მოძრაობდა“, - აცხადებს ადვოკატი.
სასამართლო კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. შემდეგ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე როსტომაშვილის შვილს, ქეთევან როსტომაშვილს დაკითხავს.
ცნობისთვის, დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამი პირია ბრალდებული - ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯამოვი.