კასპის მუნიციპალიტეტში, ქვემო ხანდაკისა და ნიჩბისის მექანიკური სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში მონტაჟდება რამდენიმე ტიპის მილსადენი და კეთდება წყალმიმღები ჭები. სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად წყალუზრუნველყოფილი გახდება 800 ჰა მიწის ფართობი. კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქვემო ხანდაკისა და ნიჩბისის, 1 450 ოჯახი კი ამ ფართობების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად გამოყენებას შეძლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება.
საქართველოს მელიორაციამ ბოლო 6 წლის მანძილზე შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 50 პროექტი განახორციელა. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ირიგაცია მოწესრიგდა 17 137 ჰექტარ მიწის ფართობზე. დღეისთვის რეგიონში მიმდინარეობს 6 სარეაბილიტაციო პროექტი, რომელთა დასრულების შემდეგ შიდა ქართლის სოფლებში დამატებით 1 075 ჰა მიწის ფართობი მოირწყვება, წყლით უზრუნველყოფა კი 1 795 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე გაუმჯობესდება.