ავღანეთის ომის შესახებ მასალების გამავრცელებელი ვებგვერდის (WikiLeaks) დამაარსებელი ჯულიან ასანჯი დოკუმენტებში აღმოჩენილ "საეჭვო მოხსენებაზე" საუბრობს. ორშაბათ საღამოს, "ლარი კინგის შოუში" სტუმრობისას WikiLeaks-ის დამაარსებელმა ყურადღება გაამახვილა მოხსენებაზე, რომელიც 2006 წლის აგვისტოში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხება.
"მოხსენებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა 181 მეამბოხე მოკლეს, შემთხვევის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი, ხოლო ამერიკელ სამხედროებს არც ერთი მეამბოხე ტყვედ არ აუყვანიათ. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს - მოკლა 181 ადამიანი და ტყვე არ აიყვანო", - განაცხადა ჯულიან ასანჯიმ და განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი სასამართლოში გადაიგზავნება და ამ გზით დადგინდება ჰქონდა თუ არა ადგილი სამხედრო დანაშაულს.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის ომის შესახებ 90,000-ზე მეტი ოფიციალური დოკუმენტი გუშინ პრესაში მოხვდა. აღნიშნული დოკუმენტები რამდენიმე პოპულარულმა გამოცემამ ვებგვერდ ჭიკიLეაკს.ორგ-ზე დაყრდნობით დაბეჭდა.
ხსენებული სამხედრო და დიპლომატიური ანგარიშები 2004 წლიდან მოყოლებული მიმდინარე წლის იანვრამდე, ავღანეთში ომის მიმდინარეობას ასახავს და მასში საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში თალიბების წინააღმდეგობა იზრდება, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი დიდია, დასახელებულია სამხედროებსა და ადგილობრივი მოსახლეობას შორის დაღუპულების რაოდენობა და სხვა სენსაციური მასალები.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ავღანეთის ომის შესახებ გავრცელებულ მასალებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და განაცხადეს, რომ პენტაგონი ოფიციალურ განცხადებას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც დარწმუნდება, რომ დოკუმენტები ნამდვილია და არა ფაბრიკაცია.