ოს სეპარატისტთა მიერ შექმნილმა კომისიამ სამაჩაბლოს სოფლებისა და დასახლებული პუნქტების ახალი სახელწოდებები გაახმოვანა.
"ტოპონიმიკის კომისიამ სამხრეთ ოსეთის სოფლებისა და დასახლებული პუნქტების საბოლოო დასახელებები გამოაცხადა. კომისიის სხდომა დღეს ცხინვალში გაიმართა ვიცე-პრემიერ დომენტი კულუმბეგოვის თავმჯდომარეობით", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რაიონების ხელმძღვანელების თანდასწრებით, კომისიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასახლებული პუნქტების სახელწოდებების შესახებ.
"სწორედ ამ სახით დაიტანება ისინი ადმინისტრაციულ რუკაზე. მაგალითად, ზნაურის რაიონის სოფელი ვახტანა ახალ რუკაზე აღინიშნება როგორც სოფელი რაიჯასტი. ხოლო სოფლების სახელწოდებები რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში განხორციელებული აგრესიის დროს გაუკაცრიელდნენ დაიტანება არა ადმინისტრაციულ არამედ ისტორიულ რუკაზე", _ იუწყება ინფორმაციის კომიტეტი.
ოს სეპარატისტთა მტკიცებით, კომისიამ თავისი მუშაობა ე.წ. სამხრეთ ოსეთელ მეცნიერების ნაშრომებისა და კვლევების მიხედვით წარმართა. მათივე ინფორმაცით, "კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ თუკი ახლანდელი თაობა ძნელად შეეგუება ახალ სახელწოდებებს, მათ შემდეგ მომავალი თაობისათვის ეს სახელწოდებები უცხო აღარ იქნება".