აფხაზური დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ მე-12 რაუნდზე სრულად წარმოდგენილი არ არის, მეტიც, შესაძლოა ჩვენ საერთოდ შევაჩეროთ ამ მოლაპარაკებებში ჩვენი მონაწილეობა, იმის გამო, რომ საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს ჯიუტად არ სურთ ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფორმების განხილვის საკითხზე. ეს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის "რწმუნებულმა" ჟენევის მოლაპარაკებებზე ვიაჩესლავ ჩირიკბამ რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"ჩვენ ნოტაც კი გავაგზავნეთ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მისამართით, რომლებიც ხშირად პროქართულ პოზიციას ავლენენ და ასევე ცდილობენ თავი აარიდონ საკვანძო საკითხის - ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე მსჯელობას. მაგრამ მაინც ჩვენ გადავწყვიტეთ წავსულიყავით მოლაპარაკებათა ამ რაუნდზე, მაგრამ ამჯერად არასრული ფორმატით", _ განაცხადა ჩირიკბამ.
მისივე თქმით, ამჯერად ჟენევის მოლაპარაკებებზე არ მიდის თავად იგი და კიდევ ერთი დელეგატი.
ჩირიკბა ასევე აცხადებს, რომ ამჯერად თუკი მოლაპარაკებებზე თანათავმჯდომარეები არ წარმოადგენენ პროექტს თავდაუსხმელობის შესახებ, არსებობს ალბათობა იმისა, რომ აფხაზური დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს არ დაესწრება.
მისივე ინფორმაციით, ჟენევაში გაემგზავრნენ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა და ვინმე ნადირ ბიტიევი, რომელიც ჩირიკბას განცხადებით _ "აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელია".