ყარაჩაი-ჩერქეზეთში საინფორმაციო სააგენტო "კავკაზსკი უზელის" კორესპონდენტი 25 წლის ბელა კსალოვა ავტომობილმა გაიტანა. Kჟურნალისტი ადგილზე გარდაიცვალა. სააგენტო "კავკაზსკი უზელი" იუწყება, რომ გარდაცვალებამდე ბელა კსალოვას მისამართით იყო ზეწოლა, მის მიერ სააგენტოში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიების გამო.
სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად შემთხვევის დეტალები ზუსტდება.
"გარდაცვლილი ჟურნალისტის სტატიები სიმწვავითა და კრიტიკულობით გამოირჩეოდა და ხშირად ადგილობრივი ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევდა. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში კორესპონდენტსა და მის ახლობლებზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ჟურნალისტის მამა არაერთხელ იქნა ნაცემი", _ იუწყება სააგენტო.
მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტი ყარაჩაი-ჩერქეზეთში არსებულ პრობლემებზე წერდა და ჩერქეზი ხალხის საგანგებო სხდომებს აშუქებდა. ყოველივე კი რა თქმა უნდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ნების წინააღმდეგ ხდებოდა.