ბრიტანული კომპანია "ბრითიშ პეტროლიუმის" ხელმძღვანელი ტონი ჰეოვორდი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, "ბრითიშ პეტროლიუმის" შეფი თანამდებობას უახლოეს 24 საათში დატოვებს. ამ ეტაპზე კი ჰეოვორდი თავის გადადგომასთან დაკავშირებით მოლაპარაკებს მართავს.
წინასწარი ინფორმაციით, ტონი ჰეოვორდის ადგილს კომპანიის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი რობერტ დადლი დაიკავებს. იგი ამ დროისთვის მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვის შედეგების აღმოფხვრისთვის მებრძოლ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჰეოვორდი თანამდებობას დატოვებს, არაერთხელ გავრცელდა, მაგრამ BP-ში ამ ინფორმაციას ყოველთვის უარყოფდნენ.