ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თემურ ცხურბათის უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. ამის შესახებ ნათქვამია სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა ფორუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა ფორუმი აცხადებს, რომ სასტიკად ნაცემი თემურ ცხურბათი ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოშია მოთავსებული და არ არსებობს არავითარი გარანტია მისი სიცოცხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ცხურბათს წინააღმდეგ განხორციელებული ვანდალური აქტის მიზეზი მისი ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში მონაწილეობა სახელდება, რომელიც 11-17 ივლისს ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ლეიდენში გაიმართა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაისმის მუქარები და არსებობს რეალური საფრთხე სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოძრაობის თითოეული აქტივისტის მიმართ.
სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, რომ თემურ ცხურბათის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ტელევიზიით, ბორის ჩოჩიევმა დაგმო ნოდერლანდების კონფერენციაში მონაწილეობა და "ქართველებთან ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერა" ღალატად შერაცხა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24 ივლისს თემურ ცხურბათის წინააღმდეგ განხორციელებილი ქმედება არის _ "პოლიტიკური ვამდალიზმის აქტი".
შეგახსენებთ, რომ კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი დოკუმენტი და მიმართვა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი, რათა ერთობლივად აქტიურად იმუშავონ ომის შემდეგ ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და შეიმუშავეს კონკრეტული რეკომენდაციები დისკუსიის ჩიხიდან გამოსაყვანად.