ერგნეთის დასახლებულ პუნქტში დღეს საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება. ოსური მხარის ინფორმაციით, შეხვედრა ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო ინიცირებული, რათა ქართველ კოლეგებთან ურთიერთობა დაემყარებინათ. კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრის ქართველი მონაწილეების არაკონსტრუქციული მოთხოვნების გამო, ეს მცდელობა ჩავარდა.
"შეხვედრაში, რომელიც დღეს დილით გაიმართა, სამხრეთ ოსეთის მხრიდან მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი გელა დრიაევი. ქართული მხრიდან კი - მოსაზღვრე რეგოგიონის მილიციის უფროსის მოადგილე შალვა ტრამაკიძე. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" და სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები. მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია, რომელიც ორივე მხარისთვის საინტერესო იყო. ტრამაკიძემ წარმოადგინა სია ავტომობილებისა, რომელიც საქართველოდან აგვისტოს მოვლენების შემდეგ გაიტაცეს. მისი მტიკიცებით, ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ასეთივე ინფორმაცია გადასცა დრიაევმა ქართველ კოლეგას", - იუწყება ინფორმაციის კომიტეტი.
მათი ინფორმაციით, დრიაევმა საქართველოს წარმომადგენელს მოსთხოვა, გადაეცათ მათთვის ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩამდენი მათივე მოქალაქე გიორგი თადეევი, რომელიც ამჟამად, მათი მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიაზე იმალება.
"საქართველოს წარმომადგენელმა ამ წინადადებაზე სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელი პირობები წამოაყენა. ტრამაკიძემ განაცხადა, რომ თადეევი საქართველოს ორ მოქალაქეში გაეცვალათ, რომლებიც ამჟამად სამხრეთ ოსეთის გამასწორებელ დაწესებულებებში იხდიან სასჯელს. რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ამ ნაბიჯზე ვერ წავა. ამით შეხვედრა ჩაიშალა", - იუწყება ოსური მხარე.