ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-12 რაუნდზე ოსი სეპარატისტები საქართველოს კვლავ თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას მოსთხოვენ.
"ეს ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებული პოსტკოფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი.
"ჟენევის მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდის შემდეგ აფხაზურ დელეგაციასთან ერთად ერთობლივი განცხადება გავაკეთეთ, სადაც განვაცხადეთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანეს. აღვნიშნეთ, რომ თუკი ეს მოლაპარაკებები ჩაიშლება, ეს იქნება აშშ-ისა და მისი წარმომადგენლის, ფილიპ გორდონის ბრალი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს", _ განაცხადა ჩოჩიევმა.
მისი თქმით, მედვედევისა და სარკოზის შეთანხმებაში "ნათლად არის გაწერილი, რომ საქართველომ, როგორც აგრესორმა ქვეყანამ, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება უნდა აიღოს".
"რუსული მხარის ინიციატივით კი, ამ შეთანხმების ხელმოწერამდე, შესაძლოა, ხელი მოეწეროს შუალედურ დოკუმენტს. ამაზე თანახმა ვართ. თუ მე-12 რაუნდზე მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს კვლავ არაკონსტრუქციული პოზიცია ექნებათ, ვიფიქრებთ იმაზე, რა ვქნათ. ჟენევის მოლაპარაკებების ჩიხში შესულ სიტუაციას ყველა ხვდება, მაგრამ ყველა მხარე მოქმედებს პრინციპით _ ვიღაც სხვა ჩაშლის ფორმატს", _ აცხადებს ჩოჩიევი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 27 ივლისსაა დანიშნული.