დღეს სერბეთის მთავრობა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება კანონის ფარგლებში მოხდა, საგანგებო სხდომას ატარებს. ამის შესახებ სერბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.
სერბეთის პრემიერ-მინისტრ მირკო ცვეტკოვიჩის პრესსპიკერის განცხადებით, სხდომაზე მინისტრები გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გააანალიზებენ და კოსოვო-მეტოჰიჯას სადავო საკითხთან დაკავშირებით მისაღებ შემდეგ რეზოლუციაზე იმსჯელებენ.
როგორც ცნობილია, სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაეროს საერთაშორიო სასამარათლოს დასკვნის მიუხედავად, "სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არასოდეს აღიარებს".
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების კანონიერების შესახებ თავისი დასკვნა გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც, "სერბეთის პრეტენზია უსაფუძვლოა" და კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება კანონის ფარგლებში მოხდა.
სასამართლოს პრესსპიკერის განცხადებით, აღნიშნული დასკვნას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს და განაჩენს არ წარმოადგენს. მისი თქმით, გენერალურ ასამბლეას თავად მოუწევს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სერბეთის სარჩელთან დაკავშირებით.