ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ კოლუმბიის სახელმწიფოსთან ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და კოლუმბიელ დიპლომატებს მოუწოდა ქვეყნის ტერიტორია კვირამდე დატოვონ. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ასევე, ჩავესმა საკუთარ სამხედროებს უბრძანა მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედონ კოლუმბია - ვენესუელას საზღვარზე რათა არ დაუშვან ესკალაციის საფრთხე. ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოლას მადუროს განცხადებით კი, მათი ხელისუფლება განიხილავს კოლუმბიასთან სამგზავრო ფრენების და ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტის საკითხსაც.
"ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა", - განაცხადა ჩავესმა ვენესუელის ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.
როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში კოლუმბიასა და ვენესუელას შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიზეზი კი კოლუმბიის ხელისუფლების ბრალდებაა რომლის მიხედვითაც, კოლუმბიელი მეამბოხეები და პარტიზანები თავს ვენესუელას აფარებენ. ვაშინგტონში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე კოლუმბიელმა მაღალჩინოსნებმა ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალებიც წარადგინეს. კოლუმბიის პრეზიდენტმა კი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ვენესუელა პარტიზანების სამოთხედ იქცა". აღნიშნულ ბრალდებას უგო ჩავესი უარყოფს და აცხადებს, რომ კოლუმბიელებმა მსგავსი სიცრუის დაბრალებით, მათი "ღირსება შელახეს"