საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, არსენ კახაბრიშვილმა (84 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
1-2 ადგილის დაკავების შანში კახაბრიშვილმა ნახევარფინალში, სამხრეთკორეელ სე-იოლ ლისთან სამსეტიან შეხვედრაში დაკარგა. იქამდე ქართველმა თურქმენი ილიას ესენოვი, ამერიკელი ბენჯამინ ეროლ პროვისორი და თურქი ასლან ატემი დაამარცხა. რეპეშაჟის ფინალში კი ბერძენ გეორგიოს დალარასს სძლია.
ვლადიმერ ადეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 14 ქულა დააგროვა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შვედეთთან ერთად მე-9 ადგილზე გავიდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა. არსენ კახაბრიშვილის გარდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მინდია წულუკიძემ (55 კგ), გოგა გოგიბერაშვილმა (60 კგ), საჩინო დავითაიამ (66 კგ), უშანგი ჩიტიაშვილმა (74 კგ), ვასილ იმერლიშვილმა (96 კგ) და სერგო გოგისვანიძემ (120 კგ) იჭიდავეს.
ღოგორც ცნობილია, სეზონის უმთავრეს ტურნირს ბუდაპეშტი მასპინძლობს და ბერძენ-რომაელებმა უკვე რვავე წონით კატეგორიაში გამოავლინეს ჩემპიონ-პრიზიორები. 22-23 ივლისს ხალიჩა ქალთა სტილს დაეთმობა, ხოლო 24-25-ში მედლები თავისუფალ ჭიდაობაში გათამაშდება.