ამერიკული კომპანია " United Airlines " თვითმფრინავი დენვერის აეროპორტში მას შემდეგ დაეშვა, როცა 30 მგზავრი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის დროს დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერში სულ 255 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ვაშინგტონიდან ლოს-ანჟელესში მიფრინავდნენ.
თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში კანზასის შტატში მოხვდა.
დენვერის საერთაშორისო აეროპორტის სახანძრო და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ერიკ ტეიდის განცხადებით, თვითმფრინავმა დაჯდომა წარმატებით განახორციელა, რის შემდეგაც დაზარალებულების უმეტესობას ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო რამდენიმე მგზავრის ჰოსპიტალიზირება აუცილებელი გახდა.
ერთ-ერთმა მგზავრმა კი სერიოზული ტრამვები მიიღო.