საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის მიზეზით, ასობით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს სასამართლოში უჩივის. თავდაცვის სამინისტრო თითოეული ყოფილი სამხედრო მოსამსახურისგან, ჯარიმის სახით თანხის, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურებას დაახლოებით, 30 ათასიდან 40 ათასამდე ლარის ოდენობით ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" "კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან" აცნობეს.
თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში მოცემულ პირობებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლია ხუროშვილი "მონურს" უწოდებს.
"კონტრაქტი შეიცავს ისეთ პირობებს, რაც აშკარად დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მაგალითად, ხელშეკრულების 7.3 მუხლში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოცემულია ძალზედ მაღალი საჯარიმო თანხა. ამასთან, ამავე მუხლით, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ აცხადებს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავების განხილვისას სადაო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხები და არანაირი დავა არ წარმოიშობა მის ირგვლივ. აღნიშნული მუხლი პრაქტიკულად კრძალავს სამხედრო მოსამსახურემ იდაოს იმ მუხლის პირობებზე, რაც აშკარად კანონსაწინააღმდეგო დათქმაა, რადგან წინასწარ უარია გაცხადებული მართლმსაჯულების განხორციელებასა და სასამართლოს მეშვეობით თავის დაცვაზე", - აღნიშნავს იურისტი.
მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოვალეობას არამართლზომიერად ახორციელებს. კერძოდ, კი ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გადახდას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს ამ უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგან მან სარჩელით პრაქტიკულად 3 წლის შემდეგ მიმართა სასამართლოს.
"გამოდის, რომ სამინისტრო ელოდებოდა, როდის გაიზრდებოდა საჯარიმო თანხა 0,2 პროცენტის დარიცხვით", - აღნიშნა ხუროშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობას ჯარში საკონტრაქტო სამსახურის დაწყების თაობაზე სამინისტროსთან ხელშეკრულება ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს აქვს გაფორმებული.