პრეზიდენტის სასახლეში დღეს პროექტის შეჯამება გაიმართა, რომელიც კავშირმა "საფარი" საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა და რომელიც მიზნად ისახავდა ადრეული ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ ქვემო ქართლში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში მომზადებულმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ოცმა ახალგაზრდამ, ქვემო ქართლის 90 სკოლაში, აზერბაიჯანულ ენაზე უფროსკლასელებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.
შეხვედრები ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკას, საკანონმდებლო აქტებსა და არსებული ეროვნული რეფერალური მექანიზმის საკითხებს მოიცავდა. მოსწავლეებს დაურიგდათ სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო ბროშურები და თემატური კომიქსები.
საქართველოს პირველმა ლედიმ ადრეული ქორწინების უარყოფით შედეგებზე ისაუბრა და მისი პრევენციის ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.
მაკა ჩიჩუას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლე ის სივრცეა, სადაც ყოველთვის მზად არიან ქალთა უფლებების დაცვისათვის და ადრეული ქორწინების პრევენციისათვის იმუშაონ და იბრძოლონ. საქართველოს პრეზიდენტი აქტიურადაა ჩართული ამ პრობლემების განხილვასა და მოგვარებაში და მან, 2015 წელი სწორედ იმიტომ გამოაცხადა ქალთა წლად, რომ ამ საკითხებზე საზოგადოების ყურადღება მიეპყრო და საზოგადოების მობილიზაცია მოეხდინა.
პირველი ლედის თქმით, ამ მძიმე პრობლემებთან გამკლავება საზოგადოების აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. ყველა ადამიანი დაბადებიდან თავისუფალია ნებისმიერ არჩევანსა და გადაწყვეტილებაში, ყველას აქვს უფლება გადაწყვიტოს, როგორ უნდა დაგეგმოს და წარმართოს საკუთარი ცხოვრება, მიიღოს განათლება.
კავშირის "საფარი" ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, მოსწავლეებს შორის ჩატარდა ესეების, ნახატებისა და ფოტოკონკურსი.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პროექტის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, რომელმაც აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, სწორედ ამ თანამშრომლობამ განაპირობა დღეს ამ პროექტის წარმატება.
პროექტის განმახორციელებლების განცხადებით, ბავშვთა/ადრეული ქორწინება საქართველოში კვლავ გავრცელებულ საზიანო პრაქტიკას წარმოადგენს. იგი მძიმე შედეგების მომტანია, განსაკუთრებით, გოგონებისთვის, ხშირ შემთხვევაში იწვევს მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას და ხელს უშლის გოგონებს განათლების მიღებაში.
მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი, დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ბავშვთა/ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო, როგორც პოლიტიკის და კანონმდებლობის დონეზე, ასევე თემებთან და თვითონ მოზარდებთან, მათი დამოკიდებულების შესაცვლელად.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, პროექტის ფინანსური მხარდამჭერების გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენლები.