„იმის ნაცვლად, რომ სახალხო დამცველის შერჩევა მომხდარიყო, საპარლამენტო უმრავლესობამ, პრაქტიკულად კულუარულად, ჩუმად შეარჩია თავისი ფავორიტი კანდიდატი. როგორც მოგეხსენებათ, სამოქალაქო სექტორის მხრიდან, ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. სახალხო დამცველის არჩევის ნაცვლად ჩვენ ახლა გვაქვს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესი, უკვე შერჩეული კანდიდატის”, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ.
როგორც კახიძე აღნიშნავს, საპარლამენტო უმცირესობას საშუალება არ მიეცა არასამამთავრობო სექტორის მიერ შერჩეული ოთხი კანდიდატისთვის მოესმინა და სხვადასხვა საკითხებზე მათი პოზიციები შეედარებინა.
„საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციები არ ყოფილა, ჩვენ ვერ მოვუსმინეთ ოთხივე კანდიდატს, რომ შეგვედარებინა მათი ხედვა სხვადასხვა საკითხზე. შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობა ვერ ხედავს აზრს, მონაწილეობა მიიღოს არა არჩევის, არამედ დამტკიცების ფორმალურ პროცესში. თავად კანდიდატურას რაც შეეხება, პერსონალიებში არ არის საქმე. ნინო ლომჯარიასთან ამ შემთხვევაში ჩვენ არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს, პრეტენზიები გვაქვს პროცესთან, რომელიც არადემოკრატიულად წარმართა საპარლამენტო უმრავლესობამ“, - განაცხადა კახიძემ.