ხალხი ფანჯრებიდან ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა, ვერაფერს ვხედავდით, მაგრამ ასე ვამხნევებდით ერთმანეთს, - ამის შესახებ მსახიობმა კახა მიქიაშვილმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩანილი ხანძრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შუქი როგორც კი ჩაქრა, ორ წუთში ჩაირთო სახანძრო სისტემა, წყალი ასხამდა, მაგრამ დაკვალიანების ჩაქრობა მაინც ვერ ხერხებოდა. მისივე თქმით, ცდილობდნენ შუშები ჩაემტვრიათ, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
”რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვა მთელი სასტუმრო. ელექტროენერგიის გათიშვის დროს, ავტომატურად იკეტება კარი, კიდევ კარგი მოვასწარით და ტერასაზე გავედით. შუქი როგორც კი ჩაქრა, ორ წუთში ჩაირთო სახანძრო სისტემა, წყალი ასხამდა, მაგრამ დაკვალიანების ჩაქრობა მაინც ვერ ხერხებოდა. არაფერი არ ჩანდა. ზუსტად ორ წუთში მოვიდნენ მაშველები, მაგრამ ვერ ხდებოდა მეშვიდე სართულზე ამოსვლა. ვცდილობდით შუშები ჩაგვემტვრია, შენობიდან კვამლი რომ გასულიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სამწუხარო ტრაგედია მოხდა, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი სწორედ კვამლით გაიგუდნენ. ხალხი ფანჯრებიდან ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა, ვერაფერს ვხედავდით, მაგრამ ასე ვამხნევებდით ერთმანეთს.
სასწაული შეძლეს ჩვენმა მეხანძრეებმა. დაახლოებით ათი საათისთვის გამოგვიყვანეს სასტუმროდან, მანამდე ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო”,- განუცხადა კახა მიქიაშვილმა ambebi.ge-ს.
კიდევ ერთმა თვითმხილველმა, ირაკლი მეტრეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი სასტუმროში აღმოჩნდნენ გამომწყვდეულები.
”სასტუმროს თანამშრომლებიც თვითონ პანიკაში ჩავარდნენ და ჩოჩქოლი რომ ატყდა, უცბად კვამლიც გამოჩნდა. ამ დროს ვიყავი იმ სართულზე, სადაც რესტორანი მდებარეობს. ყველანი ვერანდაზე გავედით, თუმცა იქ აღმოვჩნდით გამომწყვდეულები, შიგნით კვამლის გამო ვერ შევდიოდით და და გარეთაც ვერ გავდიოდით, რადგან ჩასასვლელიც არსად იყო“, - განაცხადა ირაკლი მეტრეველმა.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის მოქალაქე დაიღუპა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.