მაშველები ინტენსიურად მუშაობენ, სასტუმროს ნომრებში ხომ არ არის დარჩენილი რომელიმე ადამიანი, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მაისურაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე შეიქმნა სამაშველო ჯგუფი აჭარის მთავრობის წარმომადგენლებით, შსს ყველა სამსახურია ჩართული და ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტი და მუშაობს ცხელი ხაზიც.
„მაღალი დაკვამლიანების გამო, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მაშველების ინტენსიური მუშაობა ყველა სართულზე და სასტუმროს ნომრებში, ხომ არ არის დარჩენილი რომელიმე ადამიანი იქ. სწორედ ამიტომ გამოვიძახეთ დამატებითი ძალები სხვა რეგიონებიდანაც, რომ ეფექტურად და სწრაფად მოხდეს ყველა სართულის დათვალიერება.
უკვე შეიქმნა სამაშველო ჯგუფი აჭარის მთავრობის წარმომადგენლებით, შსს ყველა სამსახურია ჩართული და ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტი და მუშაობს ცხელი ხაზიც.
შსს მართვის ცენტრში 20:01 საათზე შემოვიდა შეტყობინება, მოხდა მყისიერი რეაგირება 3 წუთში – 20:04 საათზე მივიდნენ მაშველები, ჩაერთვნენ ხანძრის ლოკალიზებაში. საერთო ჯამში, გამოიძახეს 12 სამაშველო ბრიგადა, 100-მდე მეხანძრე-მაშველი და დამატებით ძალებს ველოდებით. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები – მათ შორის, 3 მეხანძრე“, – განაცხადა ლევან მაისურაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, ბათუმში ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გაემგზავრნენ.
შეგახსენებთ, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდიდან“, სადაც ხანძარია, მოქალაქეების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში გადაყავთ.
ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის 10-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. მისივე თქმით, დაზუსტებული ინფორმაციით, 4 ადამიანია გარდაცვლილი.