ბათუმში ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გაემგზავრნენ.
როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.
„ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.
მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.
ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთნენ მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან. ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი. წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდიდან“, სადაც ხანძარია, მოქალაქეების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში გადაყავთ.
ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის 10-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. მისივე თქმით, დაზუსტებული ინფორმაციით, 4 ადამიანია გარდაცვლილი.