ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 12 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველები იცავენ სასტუმროს მიმდებარე პერიმეტრს.ამ დროისთვის, ღია ცეცხლის კერები შენობაში არ შეინიშნება.
მათივე ინფორმაციით, დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე 20:04 სთ-ზე მივიდნენ.
ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 12 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. ინტენსიურად მიმდინარეობს ცეცხლი ქრობის პროცესი. დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოქალაქეთა ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი. საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი.
სამართალდამცველები იცავენ სასტუმროს მიმდებარე პერიმეტრს. ამ დროისთვის, ღია ცეცხლის კერები შენობაში არ შეინიშნება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდიდან“, სადაც ხანძარია, მოქალაქეების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში გადაყავთ.
ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის 10-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. მისივე თქმით, დაზუსტებული ინფორმაციით, 4 ადამიანია გარდაცვლილი.