ქართულ სინამდვილეში ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა პატრიარქის თანამოსაყდრის ვინაობა მის სიცოცხლეში გამოვლინდა“, - ამის შესახებ თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ, მის თანამოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს დანიშვნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თეოლოგმა TV პირველის ეთერში განმარტა, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, რომელიც 1995 წელს შეიმუშავა ადგილობრივმა ეკლესიამ, არ არსებობს რაიმე დეფინიცია, რომლის მიხედვითაც კონკრეტული დრო იქნება მოცემული თუ როდის უნდა დაინიშნოს ეესა თუ ის პირი თანამოსაყდრის თანამდებობაზე.
„ჩვენ გვაქვს მხოლოდ შემდგომი შეფასება, თუ რა უფლება-მოვალეობა აკისრია თანამოსაყდრეს. არის ფორსმაჟორული სიტუაცია, როცა მოქმედი პატრიარქი ფიზიკური უძლურების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას და კონრეტულ უფლებამოსილებას აკისრებს პირს, რომელიც გახლავთ, უშუალოდ, მისი სიმპათია და პირადი არჩევანი. მას აქვს ამის დისკრეცია და იურიდიული უფლება.
შემდგომი მოცემულობა არის თუ უშუალოდ ფიქსირდება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება და ამ დროს დგინდება მოსაყდრე, რომელიც უნდა იყოს უპირატესი მღვდელმთავარი ქიროტონიიდან და უნდა ჰქონდეს ეპისკოპოსობის ყველაზე ხანდაზმული ასაკი.
ასევე, პატრიარქის გადადგომა, როცა ის სიცოცხლეში უთმობს ტახტს ამა თუ იმ პირს. ამ შემთხვევაში კი ძნელია, რომ რომელიმე ვითარებას მივაკუთვნოთ მეუფე შიოს ამ პატივში აყვანება“, - განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა და აღნიშნა, რომც ეს არის მორალური უპირატესობა და პატივი, რომელიც არ გულისხმობს, აპრიორი, რომ მეუფე შიო იქნება აუცილებლად, მომავალი პატრიარქი.
„მას ევალება ეკლესიის მართვა-გამგეობა და ეკლესიის წაძღოლა სიცოცხლეში მყოფი კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით. მხოლოდ ეს არის მისი პრეროგატივა .
მანვე უნდა უზრუნველყოს არჩევნების მოსამზადებელი ეტაპი, მოამზადოს წინასაარჩევნო პერიოდი. ეს არის, უშუალოდ, პატრიარქის არჩევანი. მან, ალბათ, გარკვეულწილად, განჭვრიტა და განსაზღვრა მასში არსებული უნარ-ჩვევები. ინტელექტუალური სიმწიფე, გამოცდილება თუ სხვა ვექტორი, მისი ხედვის პლატფორმა. თუ როგორი ორიენტაციის იქნება საქართველოს ეკლესია, იქნება უფრო დასავლური ტიპის მოდელზე თუ კვლავინდებურად ჩრდილოვანი გავლენების მძევალი. მეუფე შიოს განათლება მიღებული აქვს რუსეთში და საზოგადოებაში ჩნდება გარკვეული სახის შეკითხვები და ეჭვები, რატომ მაინცდამაინც რუსული განათლების, რუსეთის საეკლესიო წრეებთან ასოცირებული პიროვნების დასახელება. მისასალმებელი იქნება თუ მეუფე შიო იქნება ქრისტოცენტრული აზროვნების და არ გაუწევს ანგარიშს ამა თუ იმ კონიუქტურას, შეასრულებს თავის უფლება-მოვალეობას მოციქულობრივი რაკურსით და არ პოლიტიკანობით, რაც ხშირ შემთხვევაში, საქართველოს ეკლესიაში თასვ იჩენს. მან უნდა გაქარწყლოს ყველა მოარული ჭორი, რომელიც არსებობს მისი მისამართით. ის არის საკმაოდ ერუდირებული, აქვს გამოცდილება, ზნეობრივი თვალსაზრისით, მასზე მხოლოდ დადებითი და პოზიტიური შემიძლია ვთქვა. მივესალმები ამ არჩევანს“, - განაცხადა თეოლოგმა.
მისივე თქმით, ეკლესიისა და ისტაბლიშმენტის გამიჯვნა მხოლოდ იურიდიული ფაქტია.
„რეალურად, ეკლესიას უწევს რაიმე სახის დაბრკოლებების მოგერიაბა თუ ზოგჯერ ლოიალობის გამოჩენა და და თანამშრომლობა სახელმწიფო აპარატთან. ვფიქრობ, ეკლესიამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქვეყნის დასავლურ პლატფორმაზე სვლას და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში განათლების, მეცნიერების დემოკრატიზაციის დამკვიდრებას, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში ყველაზე დეფიციტურია ქრისტოცენტრული აზროვნებ: არა იდეოლოგიზირებული, არა ეთნოფილეტური , არა ნაციონალისტური აზროვნება, არამედ ზე ნაციონალური, ქრისტიანული მსოფლშეგნება“, - განმარტა თეოლოგმა და დასძინა, რომ ე.წ ციანიდის საქმეზე მეუფე შიო არც საჯარო და არც პრივატულ კომენტარებს არ აკეთებდა მისივე შეფასებით, ე.წ ციანიდის საქმემ გადამწყვეტი როლი შეასრულა ასევე იმანაც, რომ მეუფე შიო იყო მოზომილი და საზოგადოებისათვის უცნობი სახე და არ არსებობს მკაცრად გამოკვეთილი ნეგატიური ნარატივი, რომელიც იმუშავებდა მის წინააღმდეგ.
გიორგი ტიგინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კათოლიკოსს ის ნერვული ფონი, რაც გადაიტანა აიძულებდა ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას და მან ეს არჩევანი უკვე გააკეთა.