აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სამხრეთ აზიური ტურნე დაიწყო. ამჟამად კლინტონი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში იმყოფება. ტურნეს ფარგლებში მომდევნო კვირაში კლინტონი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთში ჩავა, ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი ვიეტნამსა და სამხრეთ კორეასაც ესტუმრება. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ავღანეთში კლინტონი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, რომელიც ამ ქვეყანაში მომხდარ ომს, მის შედეგებსა და მომავალს მიმოიხილავს. ასევე, ავღანეთის ეკონომიკის მშენებლობას, უსაფრთხოების საკითხებსა და ბოევიკების რესოციალიზაციას პროცესს. აღნიშნულ კონფერენციას გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნთან ერთად, 70 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ავღანეთის შემდეგ კლინტონი თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსთან ერთად სამხრეთ კორეაში ჩავა, როგორც ცნობილია, ამ რეგიონში ოფიციალური სეულისა და ფხენიანის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია, ამერიკელი დიპლომატი სამხრეთ კორეის ოფიციალურ პირებს სწორედ ამ თემაზე ესაუბრება. ასევე, იგეგმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიეტნამში ვიზიტიც.