ჩეხეთში ბოლო 300 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი დღეები დგას. აღნიშნული გარემოების გამო საფრთხე ქვეყნის ორ მილიონ მოსახლეს შეექმნა.
"სწორედ ამდენი ადამიანია ჩვენთან ჰიპერტონის და სხვა სახის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მატარებელი", - აცხადებს ჩეხეთის კარდიოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფარქტებისა და ინსულტების რაოდენობა, რაც ქვეყანაში 40 გრადუსიანმა სიცხემ გამოიწვია.
ამასთან, ექიმები უახლოეს დღეებში მდგომარეობის გართულებას ელიან, რადგან მეტეოროლოგების პროგნოზების მიხედვით მოსალოდნელია ამინდის ცვალებადობა და ატმოსფერული წნევის ცვლა.
დღეს კი ჩეხეთში ქარიშხალს ელოდებიან. კარლოვი-ვართან ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტში ქარის მიერ მოგლეჯილი ხე ველოსიპედით მოსიარულეს დაეცა, რის შედეგადაც იგი დაიღუპა.
ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში კი ასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.