თბილისში, აგლაძის ქუჩის მცხოვრებლებმა „ელიავას ბაზრობის“ ქალაქგარეთ გადატანის მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი ბაზრობის ქალაქგარეთ გატანასა და მის ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი საცხოვრებელის მიმდებარედ, ცემენტის, ქვიშისა და რკინის არაერთი საამქროა, რის გამოც, განსაკუთრებით, ქარიან ამინდში საამქროებიდან წამოსული მტვერი პირდაპირ სახლებში შედის.
ამასთან, მათივე თქმით, ქუჩაზე გადატვირთულია მანქანების მოძრაობა და გამონაბოლქვის გამო, ჰაერი მუდამ დაბინძურებულია.
აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს სთხოვენ, თბილისის გენგეგმის ის პუნქტი შესრულდეს, რომელიც “ელიავას ბაზრობის” ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობას გულისხმობს.