უკრაინაში დაკავებული მეგის ქარდავა ნაცემია. ამის შესახებ „ჯი-ეჩ-ენს“ ქარდავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.
ადვოკატი განცხადებით, ქარდავას დაზიანებები სახის არეში, კერძოდ კი, თვალისა და ცხვირის მიდამოებში აქვს.
მისივე თქმით, დაკავებულ ქარდავას ციხის იზოლატორში მოთავსებამდე გაუსწორდნენ. თუ ვინ მოახდინა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს ადვოკატისთვის უცნობია.
„ქარდავა პროცესზე ვერ გამოცხადდა, ის სასამართლოს ციხიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაერთო. ჩართვისას მან განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთე ემუქრება“, - აცხადებს ველიჯანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს.
ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.