ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში სამჯერადი შემოტანის პროცედურის შემცირებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეწინააღმდეგება. კომიტეტის ეს პოზიცია დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "საბიუჯეტო კოდექსის" პროექტის განხილვისას დაფიქსირდა.
ცვლილებები, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდება პროგრამული ბიუჯეტის დანერგვას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, იცვლება საბიუჯეტო კალენდარი, ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და დამტკიცების ვადები. ასევე ახლებურად დარეგულირდება ბიუჯეტის აღსრულების სისტემა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტი მხარს უჭერს საბიუჯეტო კოდექსის ძირითად პრინციპებს. თუმცა, ბიუჯეტის განხილვის ვადებთან დაკავშირებით შენიშვნები გააჩნია.
კერძოდ, კომიტეტს მიაჩნია, რომ პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების ვადად უნდა დადგინდეს არა უადრესი პირველი დეკემბერი და არა უგვიანესი საშემოდგომო სესიის ბოლო პარასკევი, ნაცვლად პროექტში მითითებული არა უგვიანეს პირველი დეკემბრისა.
კომიტეტი ასევე არ ეთანხმება მთავრობის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უნდა შემოვიდეს მხოლოდ ორჯერ. "ჩვენ ვთვლით, რომ ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში სამჯერადი შემოტანის პროცედურა მნიშვნელოვანია და ის არ უნდა შეიცვალოს", - აღნიშნა მელიქიშვილმა.