დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სამართალდამცავების ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში აცხადებს, რომ გვირაბიდან გამოსულმა ბექა ხახუბიამ ხელოვნურად შექმნილი ბარიერი დაინახა.
„ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს შემდეგი ფაქტიც: მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბექა ხახუბია გვირაბიდან ჩქაროსნულ, მარცხენა ზოლში გამოვიდა. ამ დროს, ევაკუატორი ნახევრად საავარიო ზოლში იდგა, ე.ი. გზის მარჯვენა მხარეს. მოწმეები ამბობენ, რომ ბექა ხახუბიამ გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ მარცხენა ზოლიდან მარჯვენა ზოლში გადასვლა დაიწყო. სწორედ ამ დროს შეეჯახა ის ევაკუატორს უკნიდან. საინტერესოა, რომ სწორედ ამ მარჯვენა ზოლში იყო გასასვლელი დატოვებული. აქედან გამომდინარე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ გვირაბიდან გამოსულმა ბექა ხახუბიამ ყოველივე ეს დაინახა და მას არათუ დამუხრუჭება სურდა, ის იმედოვნებდა, რომ დატოვებულ ადგილას გაივლიდა და მარჯვენა სავალ ზოლში დაიწყო გადასვლა.
ექსპერტიზის დასკვნით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ბექა ხახუბია გადახიდულ „ტრაილერს“ 281 მეტრის დაშორებით დაინახავდა. საუბარია, შორსმაშუქი ფარებით მოძრაობისას. მოწმეების ჩვენებით დადგენილია, რომ ის შორსმაშუქი ფარებით მოძრაობდა. შესაბამისად, ბექა ხახუბიამ ბარიერი დაინახა. თუ მძღოლი, დამუხრუჭებას არ განახორიციელებს, ბარიერი თუნდაც, 300 მეტრში, ან კილომეტრის დაშორებით დაყენონ, რა მნიშვნელობა აქვს? მან დამუხრუჭების დაწყების სურვილი და ნება არ გამოხატა. მისი ნება არა კანონმორჩილებასა და დამუხრუჭებაში გამოვლინდა, არამედ მოძრაობის იმავე სისწრაფით გაგრძელებაში’, - აცხადებს ცინცაძე.
როგორც ის აღნიშნავს, ხახუბიას დევნისას და შეჯახების შემდეგ გადაღებული ვიდეოკადრებით ირკვევა, რომ სამართალდამცავებმა მის შესაჩერებლად ყველა ხერხი გამოიყენეს.
„ვიდეოკადრები უტყუარად ადასტურებს შემდეგ ფაქტებს: რომ ხახუბიას მხრიდან არაერთი დაუმორჩილებლობის შემთხვევა გამოვლინდა, რაც ხანგრძლივად გრძელდებოდა. დაფიქსირებულია, რომ ის გზაზე მოძრავ ავტომობილს ავარიის რეალურ საფრთხეს უქმნიდა. საპატრულო პოლიციის სრულმა შემადგენლობამ ავტომობილის შესაჩერებლად არაერთი სხვადასხვა სახის ხერხი გამოიყენა და მან მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა ამოწურა“, - აღნიშნავს ადვოკატი.
ოჯახის ადვოკატი, რაჟდენ კუპრაშვილი კი აცხადებს, რო სამართალდამცავების მხრიდან კანონის ყველა მოთხოვნა უგულებელყოფილი იყო, რასაც პოლიციელების უფლებადამცველი არ ეთანხმება.
„ეს განცხადება საქმეში არსებულ მტკციებულებებს არ ეფუძნება. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2003 წელს გამოცემული ბრძანება არსებობს, თუ რა საშუალებები შეიძლება საგზაო პატრულებმა ასეთი დაუმორჩილებლბის დროს გამოიყენონ. კანონში მითითებულია, რომ გზის გადასაკეტად შეუძლიათ სხვადასხვა სატრანსპორტო მძიმეწონიანი მექანიზმები გამოიყენონ“, - აცხადებს ცინცაძე.
ის აღნიშნავს, რომ ბრალდებული სამართალდამცავების უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბევრი მყარი სამართლებრივი არგუმენტი აქვს, რომელსაც სამართლოში ეტაპობრივად გააჟღერებს. ამ ეტაპზე კი მისი გამხელისგან თავს დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე იკავებს.
ბექა ხახუბიას გარდაცვალების შესახებ საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში დღეს 3 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო ბრალდების მოწმეებს მოუსმენს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია გორის გვირაბთან ავტოსაგზაოშემთხვევის დროს დაიღუპა. ის გადაჭარბებული სიჩქარით ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და პატრულის მითითებას არ დაემორჩილა, რა დროსაც განხორციელდა მისი დევნა. გორის გვირაბის გასასვლელთან პატრულის თანამშრომლებმა გზა ტრაილერით ჩაკეტეს, რომლის წინ რამდენიმე მეტრში ევაკუატორი დააყენეს. დიდი სიჩქარით მოძრავი ბექა ხახუბია ჯერ ევაკუატორს დაეჯახა, შემდეგ კი ტრაილერს. ის ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამი პოლიციელია ბრალდებული.