„ივანე მერაბიშვილს, ისევე როგორც ყველა პატიმარს, რომელიც კანონით დადგენილ სასჯელს მოიხდის, ავტომატურად ეკუთვნის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა. შესაბამისად, ეს საკითხი მერაბიშვილსაც ეხება. თეორიულად, შესაძლებელია, ის პირობით ვადამდე გაათავისუფლონ. რაც შეეხება იმას, რომ მან შესაძლოა ახალ წლამდე დატოვოს საპყრობილე, ვერ დავადასტურებ, რადგან ამ ინფორმაციას არ ვფლობ“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ სტრასბურგში მერაბიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა შესაძლებელი, ახალ წლამდე, უდოს კომისიამ მერაბიშვილის საკითხის განხილვა მოასწროს, როგორც ადვოკატი აცხადებს, ეს დრო სრულიად საკმარისია.
„პროცესუალურად აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ უდოს კომისიამ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს. ამას დაახლოებით, ერთი კვირიდან ორ კვირამდე დრო სჭირდება. ივანე მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ შევხვდი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ირგვლივ ვესაუბრე, რადგან მოლოდინის რეჟიმში ვართ და სტრასბურგის გადაწყვეტილებას ველოდებით. თუ საქმე მერაბიშვილის სასარგებლოდ გადაწყდა, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მისი გათავისუფლება“, - განაცხადა კახიძემ.
ვანო მერაბიშვილს მისჯილი სასჯელებიდან მოხდილი აქვს 4 წელი და 6 თვე, დარჩენილი აქვს 2 წელი და 3 თვე.
მისჯილი წლები და ბრალდებები ასე გამოიყურება:
1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე.
- სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი.
- აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე.
- მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი.
- ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.