თბილისის სააპელაციო სასამართლომ თამაზ მეჭიაურის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლე შოთა გეწაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
თიანეთის მერის არჩევნებში მეჭიაურის გამარჯვების გადაწყვეტილებას თიანეთის მე–19 ოლქი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ და ლელა ქიტესაშვილი ასაჩივრებდნენ.
თავდაპირველად, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ მცხეთის რაიონული სასამართლოსგან ითხოვდა, სასამართლოს თიანეთის მე-20 უბნის შედეგები გაებათილებინა. ალტერნატიული სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", რომელიც მეჭიაურის ინტერესებს იცავს. საია მოითხოვდა, გაუქმებულიყო საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მე-20 უბნიდან მიტანილი გაბათილებული ბიულეტენების გახსნა და მათგან 5 ბათილად ცნობილი ბიულეტენის აღდგენა მოხდა, რამაც გავლენა მოახდინა პროცესზე. გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუშინ გააუქმა, რის შემდეგაც ძალაში ისევ შემაჯამებელი ოქმი შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს.