ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის თბილისის პროკურატურაში გამოკითხვა დასრულდა. პროკურატურის შენობიდან გამოსულმა მოსამართლემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან საგამოძიებო უწყების კითხვებს ამომწურავად გასცა პასუხი.
„დამიბარეს პროკურატურის წარმომადგენლებმა. პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, შესაბამისად, გამოვცხადდი სათანადო დროს, სათანადო ადგილზე და გავეცი ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი. კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, გადავეცი თუ არა ვინმეს დახურული სასამართლო სხდომის ოქმები. ჩემი პასუხი იყო, რომ არ გადამიცია არავისთვის", - განაცხადა ბუგიანიშვილმა.
როგორც ის აღნიშნავს, დახურულ სასამართლო სხდომის ოქმთან წვდომა მის გარდა სხვა პირებსაც ჰქონდათ.
"დახურული სასამართლო სხდომის ოქმთან წვდომა ჰქონდა მოსამართლეს, სხდომის მდივანს, დაცვის მხარეს, ბრალდების მხარეს, სხვას წვდომა არ ჰქონია. შესაბამისად, გარეშე პირისთვის თუ ჟურნალისტისთვის გადაცემას მოახდენდა ან მოსამართლე ან სხდომის მდივანი ან დაცვის ან ბრალდების მხარე, დასამალი არაფერი მქონდა პროკურატურისთვის, მივეცი ის ინფორმაცია, რაც მქონდა. განვუმარტე, რომ მე არავისთვის გადამიცია სხდომის ოქმები, იგივე გააკეთა ჩემმა სხდომის მდივანმაც", - განაცხადა ბუგიანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.