პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე მეგის ქარდავასა და ნიკა ძიმცეიშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. გადაწყვეტილებას ბრალდებულების ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი „ჯი-ეიჩ-ენთან“ უკანონოს უწოდებს.
„ეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებაა, რადგან საპატიო მიზეზი მქონდა, სასამართლოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოვცხადდი. როგორც ჩანს, სასამართლო ცდილობს დაჩქარებულად ჩაატაროს პროცესი, რომ უკანონო გადაწყვეტილებაში ხელი არავინ შეუშალოს. სასამართლოს რეალურად არანაირი საფუძველი აქვს, რომ სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. ამით პროკურატურა ცდილობს კომფორტი შეიქმნას, მხარეები არ ჰყავდეს და სახაზინო ადვოკატით მალე დაასრულოს პროცესი. არადა, საქმე იმხელაა, სახაზინო ადვოკატი საქმეს 16 ნოემბრამდე ფიზიკურად ვერც გაეცნობა, შესაბამისად, პროცესის კიდევ გადადება მოუწევთ“,- აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი.
ადვოკატი აბსურდულს უწოდებს პროკურატურის ბრალდებას, რომ ის სასამართლო პროცესებს ხშირად აცდენს.
„ეს აბსურდია! ამ შემთხვევის გარდა, ადრე, მხოლოდ ერთხელ, მაშინაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოვცხადდი პროცესზე. 4 წელია პროცესი მიმდინარეობს და 4 წლის განმავლობაში 2-ჯერ რომ ცუდად გავხდი, ეს თუ პროკურატურას გაუკვირდა, არ ვიცი. გადათვალონ და ნახავენ, რომ სასამართლოს მიზეზით უფრო ბევრჯერ არის პროცესი გადადებული, ვიდრე ჩემი მიზეზით“, - აღნიშნავს ველიჯანაშვილი.
ადვოკატის განცხადებით, მას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა აქვს, რომელსაც შემდეგ პროცესზე წარადგენს.
„ფორმა 100 თან მაქვს და შემდეგ სასამართლო პროცესზე წარვადგენ... როგორც გავიგე, პროკურატურას იმის შუამდგომლობაც ჰქონდა, რომ საქმიდან ჩამოვეშორებინე, მაგრამ ვერ ჩამომაშორებენ, შეთანხმებით დაცვა ვარ“, - განაცხადა ადვოკატმა.