„ცენტრ პოინტის“ საქმეზე იურისტები ინვესტორებთან მოლაპარაკებებს ნოემბრის თვეში დაასრულებენ, შემდეგ კი საპროცესო შეთანხმებაზე დაიწყებენ მუშაობას. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ დებ, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.
„საქმე ათასობით დაზარალებულს და ძალიან დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას ეხება, ამიტომ ინვესტორებთან შეთანხმება ცოტა გაჭიანურდა. ყველაფერს დეტალურად გავდივართ, რომ არცერთი დაზარალებული ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს .თავიდან, როცა ეს პრობლემა დაიწყო, 6 000 დაზარალებული იყო. დაახლოებით, 2 000 „ცენტრ პოინტმა“ დააკმაყოფილა, შესაბამისად, დაზარალებულების სავარაუდო ციფრი 4 000-ია“, - აცხადებს მარინა ცუცქირიძე.
ადვოკატს უჭირს ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის შეიძლება დები საპყრობილიდან გაათავისუფლონ.
ვფიქრობთ, მაქსიმუმ ერთი თვე საკმარისი იქნება, რომ ეს ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდეს. როცა მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდება, ამ ხელშეკრულებას პროკურატურაში წავიღებთ, რათა პროკურატურა დარწმუნდეს, რომ ამ ხელშკურლებით მთავარი დაზარალებულების დაკმაყოფილებაა. ამის შემდეეგი ნაბიჯი, ქალბატონ მაიასთან და რუსუდანთან მიმართებაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება იქნება.
გვეგონა, რომ ინვესტორებთან ხელშეკრულებების დეტალებს ოქტომბრის თვეში დავასრულებდით, თუმცა, საქმის მოცულობიდან გამომდინარე ეს ვერ მოესწრო“, - აცხადებს ცუცქირიძე.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის და ის კვლავ ციხის საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთი აქვს, როგორიც აქამდე, გაუმჯობესებული ნამდვილად არ არის. მოგეხსენებათ, ის ჩვეულებრივ საკანში არ იმყოფება, ციხის სავადმყოფოშია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და გარკვეულ მედიკამენტურ მკურნალობას გადის“, - აცხადებს მარინა ცუცქირიძე.
შეგახსენებთ, რომ დებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებაში დასდეს.