„აბესძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საჭმელს ვერ ეკარება. განა შიმშილობს, უბრალოდ, ჭამის სურვილი არ აქვს. წონაში კატასტროფულად აქვს დაკლებული, როგორც თვითონ ამბობს, 17 კილო დაიკლო. მძიმე ფსიქოლოგიური ფონი ისევ აქვს, დეპრესიულ მდგომარეობაშია“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა.
ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ საკმარისად არ ჩათვალა და ის პატიმრობაში დატოვა.
„იმ თემებს ვერ გავშლი, რაზეც ექსპერტმა იმსჯელა და ვერც იმას გეტყვით, რა დაავადებაზეა საუბარი, რადგან ეს ძალიან პირადი მონაცემია, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ექსპერტის დასკვნით, ამბულატორიული გამოკვლევა სრულყოფილი დიაგნოზის დასასმელად საკმარისი არ იყო. ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ აბესაძის ექპერტიზის დეპარტამენტში გადაყვანა აუცილებელი იყო, რადგან ეს იყო განსაკუთრებულად კლინიკურად მძიმე შემთხვევა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საბოლოო დასკვნა არ იყო, დაცვის უფლება არ დავარღვიეთ და აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საკითხი დავაყენეთ. თუმცა, მოსამართლემ სწორედ ამ მოტივით, რომ სრულყოფილი დასკვნა არ იყო, აბესაძე პატიმრობაში დატოვა. როცა ექსპერტიზის სრული დასკვნა იქნება, კიდევ მოგვეცემა საშუალება როგორც ახალი გარემოება, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი დავაყენოთ“, - აცხადებს გელაშვილი.
როდის იქნება ექსპერტიზის სრული დასკვნა, ამაზე ადვოკატი ვერ საუბრობს, რადგან აბესაძეს კვლევისთვის სტაციონარში გარკვეული დროით მოთავსება სჭირდება.
შემდეგი სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერსაა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის სრული პასუხი არ იქნება, პროცესი პირველი ნოემბრისთვის გადაიდება.
შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ფაქტზე რამდენიმე თვის წინ დააკავეს.