ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებმა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადეს. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი ფანცუალაიამ განუცხადა.
„საკონსტიტუციო საჩივარი უკვე გადაგზავნილი გვაქვს. მოვითხოვთ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, სასწრაფო წესით შეაჩერონ 374-ე მუხლის მოქმედება და შემდგომ უკვე, ეს მუხლი ანტიკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი. აქამდე 374-ე მუხლით უფლებები გვეზღუდებოდა, ახლა უკვე ამ მუხლით ჩვენს მიმართ გამოძიება დაიწყეს.
ამ მუხლით დაცვის მხარეს უამრავი უფლება ეზღუდება. როცა დეკანოზის საქმე დაიწყო, დაცვის მხარეს იძულებით აგვაღებინეს 374-ე მუხლის ვალდებულება, რის საფუძველზეც გაუთქმელობაზე მოგვაწერინეს ხელი. თუმცა, პროკურატურის მხრიდან მასალების გასაჯაროვება მაინც ხდებოდა. 374-ე მუხლთან დაკავშირებით საჩივარს ვწერდით, მისი კონსტიტუციურობა უნდა გაგვესაჩივრებინა და პრაქტიკულად, საჩვარი უკვე შედგენილი იყო, როცა იგივე მუხლით ადვოკატების მიმართ დაიწყეს საქმის ძიება, რამაც კიდევ უფრო აუცილებელი გახადა საკონსტიტუციო სარჩელის დაჩქარებულად შეტანა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ გიორგი ფანცულაიამ.