კუბის ყოფილი პრეზიდენტის ფიდელ კასტროს განცხადებით, იგი გაკვირვებულია, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო არ დაადეს გაეროს იმ რეზოლუციას, რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ 83 წლის ფიდელ კასტრომ კუბას ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.
კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა აშშ-ის კამპანიაზე ირანისა და ჩრდ. კორეის წინააღმდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეული გემის "ყვითელ ზღვაში" ჩაძირვა (დაიღუპა 46 მეზღვაური), რომელზედაც პასუხისმგებლობა ოფიციალურ ფხენიანს დააკისრეს, აშშ-ის მიერ განგებ მოწყობილი ინციდენტი იყო.
"ამით აშშ რეგიონში კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს", - განაცხადა კასტრომ.
ფიდელ კასტრომ ირანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანი კონფრონტაციისთვის 30 წელია ემზადება და იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები თეირანზე თავდასხმას განახორციელებს, იგი დიდ წინააღმდეგობას გადააწყდება. კასტროს თქმით, ეს წინააღმდეგობა არ იქნება ისეთი სუსტი, როგორიც ერაყის შემთხვევაში იყო.
"ეს დაპირისპირება ატომურ ომად გადაიქცევა", - აღნიშნა კასტრომ.