თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, 17:30 საათზე დავით ოთხმეზურის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებენ. გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. როგორც ბრალდებულ ასლან ბეჟანიძის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, საქმეში მხოლოდ მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არსებობს.
შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა 11 წლის განმავლობაში დუმდა. 2015 წელის მარტში კი პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გააქტიურა. 2016 წლის 26 მარტს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ასლან ბეჟანიძე დააკავეს. პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ 2004 წლის მკვლელობის დღეს, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის კონფლიქტი მობილიურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა, რა დროსაც, ბეჟანიძემ ოთხმეზურს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2016 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ სცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა.