„გამოკითხვა შეეხებოდა იმას, თუ რას ვითხოვდით. გამოძიებას ის ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც ჩვენ გვქონდა. მერიის მიერ გავრცელებული ვიდეო-მასალის მტკიცებულებად დართვაც მოვითხოვეთ. ამ მასალაში კარგად ჩანს შეუძლოდ რომ ვარ და რომ სასწრაფო უნდა გამოიძახონ“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ პროკურატურის შენობიდან გამოსულმა ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილი დაახლოებით, 2 საათანახევრის განმავლობაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე.
„მერიას ვთხოვთ, შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეო-კამერების ჩანაწერები ამოიღონ. ამით ძალიან მარტივად დადასტურდება სიმართლე. მათ შორის ის, რამდენი ადამიანი და ვინ მირტყამდა. უკვე არსებულ კადრებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და უკანონოდ როგორ აღმიკვეთეს თავისუფლება.
ამას გარდა, ოქმი შედგენილი არ არის. თუ რამეს ვაშავებდი და დამაკავეს, ოქმი უნდა შეედგინათ. შესაბამისად, ის, რომ უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება, ეს დადასტურებული ფაქტია. პროკურორმა განგვიცხადა, რომ ეს ყველა მტკიცებულება საშუალებას იძლევა გამოძიება დაიწყონ. ყველაფერი იმდენად ზედაპირზე დევს, გაუჭირდებათ ეს საქმე არ გამოიძიონ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივყვები.
მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ხაბეიშვილს რომ ხელი მოხვდა. ადამიანის უფლებები ასე არ უნდა იღვეოდეს. მე თუ ასე მომექცნენ, რიგით მოქალაქეს საერთოდ როგორ დაელაპარაკებიან?! ჩვენს აქტივისტებს როგორც გაუსწორდნენ, კი ნახეთ.
მთავარი ამბავი ის არის, რომ თბილისელების ქონება, 2000 კვადრატული მიწის ფართობი თავისუფლების მოედანზე, 1 ლარად ბიძინა ივანიშვილს უნდა გადასცენ. ამ ადამიანმა ბოტანიკური ბაღი ბოსტნად გაიხადა. ეს ყველაფერი არ უნდა დავუშვათ! მთავარი ეს არის, თორემ ცემასაც ავიტან, შანტაჟსაც და მუქარასაც. დაწყებულ საქმეს თბილისელებთან ერთად ბოლომდე მივიყვან“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
ხაბეიშვილის განცხადებით, ის აქციიდან სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.