"კალაძე-ივანიშვილის საკუთრებაში არსებული "პროგრეს ბანკის", მეტად საეჭვო გარემოებაში "თი-ბი-სი" ბანკისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ოთარ სირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც „რესპუბლიკა ბანკმა“ საქართველოს ბაზრის დატოვება გადაწყვიტა, არსებობდა წინასწარი შეთანხმება, რომ ის მსხვილ ჩინურ კერძო კონგლომერატს, „ჰუალინგ ჯგუფს“ უნდა შეეძინა, რომელიც საქართველოში უკვე ფლობდა „ბაზისბანკს“, თუმცა ეს გარიგება ბიძინა ივანიშვილმა და კახა კალაძემ ჩაშალეს, რადგან „ბაზისბანკს“ აიძულებდნენ „პროგრეს ბანკის“ შესყიდვასაც.
"წარმოგიდგენთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ბრძანებას, ფედერალური დეპოზიტური ბანკის (ფდბ ბანკი) ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება. შეგახსენებთ, რომ ფდბ ბანკი ილია გავრილოვის საკუთრებას წარმოადგენს, რომელიც პროგრეს ბანკში კალაძე-ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი იყო და 78%-ს ფლობდა, პანამაში რეგისტრირებული ოფშორული ფირმით PINTEX GROUP CORPORATION-ი, სანამ "თი-ბი-სი" ბანკმა არ შეიძინა.
როდესაც "რესპუბლიკა ბანკმა" საქართველოს ბაზრის დატოვება გადაწყვიტა, როგორც საბანკო და მედია წრეებში იყო ცნობილი, არსებობდა წინასწარი შეთანხმება, რომ მსხვილ ჩინურ კერძო კონგლომერატს "ჰუალინგ ჯგუფს" უნდა შეეძინა, რომელიც საქართველოში "ბაზის ბანკს" უკვე ფლობდა. ივანიშვილმა და კალაძემ გარიგება ჩაშალეს. ბაზის ბანკი აიძულეს, რომ "რესპუბლიკა ბანკთან"
ერთად კრიმინალური ისტორიით დამძიმებული "პროგრეს ბანკი" ეყიდათ, რაზეც "ჰუალინგ ჯგუფმა" უარი განაცხადა. ამ დროს მხსნელად "თი-ბი-სი" ბანკი მოევლინათ და "რესპუბლიკა ბანკთან" ერთად პანამის ოფშორში კრიმინალ გავრილოვის მიერ დაფუძნებული ბანკი შეიძინეს.
კალაძე-ივანიშვილ-გავრილოვის პროგრეს ბანკის მოშორების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ფულის გათეთრების ფაქტზე ილია გავრილოვის მიმართ რუსეთში გამოძიება დაიწყო და ახლა იმალება, რაშიც ჩვენი ვარაუდით ასევე პროგრეს ბანკიც ჩართული იყო. დიდი ალბათობით გამოძიების კვალი მივიდოდა კალაძე-ივანიშვილთანაც, ამიტომ ამ ბანკის მოშორება გამოსავალი იყო, რომ მომხდარიყო წარსულში ჩადენილი დანაშაულებების კვალის გაქრობა.
აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ეროვნული ბანკისგან ამ საქმის დაუყონებლივ შესწავლას, ხოლო პროკურატურისგან სასწრაფოდ გამოძიებას. დაიკითხონ, რესპუბლიკა და "თი-ბი-სი" ბანკის წარმომადგენლები’’ - განაცხადა ოთარ სირაძემ.