„ხელშეკრულება ჯერ ხელმოწერილი არ არის, ამიტომ როგორც იურისტი, ვერ გეტყვით, რომ „ცენტრ პოინტი“ გაიყიდა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ტექნიკური დეტალები ოქტომბრის პირველ ნახევარში მოგვარდება, მეორე ნახევარში კი, დების საპროცესო შეთანხმების საკითხი განიხილება.
„იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც ახალ კომპანიასთან ვაფორმებთ, რაღაც დეტალები დარჩა დასაზუსტებელი. საქმე რამდენიმე ათას ადამიანს ეხება, ამიტომ ხელშეკრულების გაფორმება ტექნიკურად ცოტა რთულია, თან გვეშინია რომელიმე დაზარალებული, ან რამე პრობლემა ამ ხელშეკრულების მიღმა არ დარჩეს. ალბათ, ოქტომბრის პირველ ნახევარში შეთანხმებას ხელი მოეწერება და „ცენტრ პოინტს“ სხვა კომპანია ჩაენაცვლება. მეორე ნახევარში კი, საპროცესო შეთანხმების იმედი გვაქვს“, - აცხადებს ცუცქირიძე.
ის მაია რჩეულიშვილს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ შეხვდა.
„ქალბატონი მაია ისევ რჩება მე-5 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და მედიკამენტურ მკურნალობას ისევ განაგრძობს. მასთან პარასკევს ვიყავი შესული. ჩვენ გავიარეთ ის წვრილმანი დეტალები, რაც შეიძლებოდა გამოგვრჩენოდა. ამ წვრილმან დეტალებზე ფინანსისტები და იურისტები ვმუშაობთ.
ქალბატონმა მაიამ ჟურნალისტებთან დამაბარა, მზად ვარ, მთელი ცხოვრების განმავლობაში რაც შევიძინე, რაც შვექმენი, სხვა კომპანიას გადავცე, ოღონდ დაზარალებულები დაკმაყოფილდნენო.
დაზრალებულთა ზუსტი რაოდენობის თქმა არავის შეუძლია. როცა ეს პრობლემა დაიწყო, 6 000 დაზარალებული იყო, დაახლოებით, 2 000 ადამიანის პრობლემა „ცენტრ პოინტმა“ თავად მოაგვარა. ალბათ, 4 000-მდე დაზარალებული იქნება დარჩენილი“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ ცუცქირიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, დებ რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მათ ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.