„ფირცხალავამ რაღაც მოიგონა და თვითონვე გაება ამ მახეში, მე რა შუაში ვარ? ვინ ეხვეწებოდა, რას ლაპარაკობდა? რაც არ იცი, იმაზე არ უნდა ილაპარაკო და არც ცილი დასწამო სხვას. თუ მას ფაქტები ჰქონდა, ჩვენება უნდა მიეცა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ ირაკლი მამალაძემ.
რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსანი, მჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მციემაზე უარის თქმის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
„ფირცხალავამ ჩემზე განაცხადა, აგენტ-პროვოკატორია, „პრესას“ სახელწოდებით მუშაობდაო და მერე ჩვენება აღარ მისცა. ეს ჩემი ღირსების და პატივის შელახვა იყო და როგორც ციანიდის საქმეზე პროკურატურის მთავარ მოწმეზე ზეწოლა. დაახლოებით, 15 წელია მედიის წარმომადგენელი ვარ, ჩემი რეპურტაცია მაქვს და ამ დროს ირაკლი ფირცხალავა „რუსთავი2“-ის მეშვეობით უმძიმეს ბრალდებას მიყენებს, თითქოს, მე, ირაკლი მამამალაძე ჩანერგილი აგენტი ვიყავი, ჩემი კოლეგების, ჟურნალისტების, სასულიერო პირების, ლგბტ წარმომადგენლების წინაღმდეგ ვმუშაობდი. ამაზე მეტი რა უნდა დაგაბრალონ, ან ამაზე დიდი ზეწოლა რა უნდა გახორციელდეს? სიტყვით რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. ბოლოს, ვერაფერი რომ მოიგონა, თემურ თათარაშვილის დაჭერა დამაბრალა. კარგად უპასუხა თათარაშვილმა, მამალაძეს არც ვიცნობ, სააკაშვილმა დამიჭირაო“, - აცხადებს მამალაძე.
რაც შეეხება იმას, კმაყოფილია თუ არა იმ ფაქტით, რომ ფირცხალავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, როგორც მამალაძე აღნიშნავს, მისთვის მთავარი ეს არ ყოფილა.
„ჩემთვის მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, რომ მას ჩემი აგენტობის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი აქვს. არავინ მინდა ციხეში იჯდეს, რაღაცის გამო დაისაჯოს, რადგან ბუნებით ბრალმდებელი ადამიანი არ ვარ. უბრალოდ, ეს იმის ბრალია, რომ ეს თამაში თვითონ წამოიწყო და საბოლოდ, მახეში თავად გაება“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ ირაკლი მამალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ საქმის ძიება ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებული ფირცხალავას მხრიდან ხორციელდებოდა მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავდა გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას.
საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით (მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა). წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.