თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალის სკოლის დირექტორმა მე-7 კლასელი მოსწავლე სკოლაში ჰიჯაბით არ შეუშვა.
მომხდარის გამო დირექტორ ელზა აშიროვას მოსწავლის მამა, ასტანოვ თაჰირი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და განათლების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
მოსწავლის მამა ჰიჯაბის ტარებას ტრადიციას უკავშირებს, დირექტორს კი შვილის დისკრედიტაციაში სდებს ბრალს.
სკოლის დირექტორის, ელზა აშიროვას განცხადებით, თავსაბურავის აკრძალვა სკოლის შინაგანაწესის დაცვით მოხდა, რომლის მიხედვითაც, სკოლის შენობაში კეპის, ქუდის და სხვა აქსესუარების ტარება იკრძალება.
მოსწავლის მშობლებმა თელავის რესურსცენტრს განცხადებით უკვე მიმართეს.