თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. კერძოდ, ბრალდების მხარემ წარადგინა დისკები, სადაც 2006 წლიდან სააკაშვილის პრეზიდენტობის დასასრულამდე საჯარო გამოსვლები და საჯაროდ გადაცემული ინფორმაციებია.
პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი ვიდეო და აუდიომასალა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულებს სააკაშვილი მფარველობდა და საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების დაპირებაც მან გასცა.
სააკაშვილის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მან გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულები განაჩენის გამოტანიდან 2 წელიწადში 2008 წელს შეიწყალა.
სტრასბურგში არსებულმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2011 წელს, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“.