„მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთივეა, როგორიც აქამდე იყო, გაუმჯობესებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ის ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილში იმყოფება და მედიკამენტურ მკურნალობას გადის“, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-თან“ მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ.
ადვოკატი მაია რჩეულიშვილს რამდენიმე დღის წინ შეხვდა.
„მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის, მას მუშაობა მაინც უწევს, რადგან მის გარეშე საკითხების გარკვევა შეუძლებელია. ყველაზე მეტ ინფორმაციას ის ფლობს აქტივებთან, ვალდებულებებთან დაკავშირებით, ამიტომ ის ძალიან დატვირთულ რეჟმში მუშაობს“, - აცხადებს ცუცქირიძე.
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებთან, მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდება.
„ისევ სამუშაო რეჟიმია, ხელშეკრულების პროექტის დამუშავება, აქტივების დათვლა, ერთმანეთისთვის პირობების წაყენება მიმდინარეობს. ვმუშაობთ იმაზე, რა ტიპის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, რომ არაფერი გამოგვრჩეს და არავის უფლება დაირღვეს, არც დაზარალებულების და არც ბრალდებულების.
ინვესტორების ვინაობას ჯერ ვერ გავამხელ. საბოლოოდ როცა ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, მათ ვინაობას კომპანიის დამფუძნებელი თავად გააჟღერებს.
მსჯელობა მიმდინარეობს, ინვესტორები წილს იყიდიან თუ გარკვეულ კომპანიებს. საბოლოოდ ჯერ ფორმაზე ვერ შევთანხმდით, ამიტომაც არ არის ხელი მოწერილი. ვფიქრობთ, თვის ბოლოს ეს დალაგდება“, - აცხადებს ცუცქირიძე.
შეგახსენებთ, რომ კერვალიშვილ-რჩეულიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. მათ გამოძიება „ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის“ კუთვნილ 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.